როტავირუსი არის როტავირუსის გვარის ვირუსი, რომელიც იწვევს კუჭისა და ნაწლავების, ასევე ზედა სასუნთქი გზების ანთებას. ძირითადად ავადდებიან პატარა ბავშვები, 1,5-დან 5 წლამდე. მოზრდილები შეიძლება ავადმყოფი ბავშვისგან დაინფიცირდნენ მასზე ზრუნვისას. ხშირად ნაწლავური ინფექციების აფეთქება ფიქსირდება საბავშვო ბაღებში და ოჯახში.
როგორ ინფიცირდებით როტავირუსით?
როტავირუსი ადვილად გადამდები ინფექციაა. გადაეცემა ბინძური ხელებით ან საგნებით (სათამაშოები, ავეჯი, კარის სახელურები), სადაც, თავის მხრივ, ხვდება პაციენტის ფეკალიებიდან (დაუბანელი ხელებიდან) ან ნერწყვიდან და ნაზალური გამონადენიდან. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელიც, მაგალითად, ზრდასრული, რომლის დაავადება მალული ფორმით მიმდინარეობს და არ იცის მისი არსებობის შესახებ. ასევე შეიძლება დაინფიცირდეთ აუდუღებული წყლით და საკვებით, განსაკუთრებით რძისა მისი შემცველი პროდუქტების საშუალებით, თუ ის მომზადებული იყო პაციენტის ან ვირუსის მატარებლის მიერ და არ იყო მოხარშული: როტავირუსი დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ინახებოდეს მაცივარში, ხოლო წყლის ქლორირება მას არ ანადგურებს. ჯერ კიდევ ზუსტად არ არის ცნობილი, გადადის თუ არა როტავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით.
გადამდები პერიოდი გრძელდება ინფექციის პირველი სიმპტომებიდან პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე, რაც დასტურდება უარყოფითი როტა ტესტით. ინფექციის გადაცემის თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია ავადმყოფობის მე-3-5 დღე, როდესაც ვირუსების მაქსიმალური რაოდენობა გამოიყოფა განავლით.
როგორ ვლინდება როტავირუსი?
ბავშვებში როტავირუსის ინფექციის ძირითადი სიმპტომებია:
· ღებინება - შეიძლება მოხდეს 2-3-ჯერ ან უფრო ხშირად;
· როდესაც ბავშვს წყალს ასმევენ, მას ღებინება ეწყება;
· დიარეა ყვითელი ან მუქი ყავისფერი უსიამოვნო სუნით, შესაძლოა ლორწოსთან ერთად. განავლის სიხშირე შეიძლება იყოს განსხვავებული: 1-2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ, 5-10-ჯერ დღეში.
· სპაზმური ტკივილი მუცლის არეში, ჩვეულებრივ ჭიპთან ახლოს, ტკივილი მცირდება ანტისპაზმური საშუალებების მიღებისა და დეფეკაციის შემდეგ;
· სხეულის ამაღლებული ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს;
· ლეთარგია, ძილიანობა, მადის ნაკლებობა, რაც მძიმე ინტოქსიკაციის შედეგია. როტავირუსის ინფექცია ბავშვებში შეიძლება სხვადასხვა გზით დაიწყოს. ერთ შემთხვევაში ბავშვს პირველად უჩნდება: სურდო, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, კონიუნქტივიტი, ტემპერატურა კი ნორმალური რჩება. ნაწლავის სიმპტომები მოგვიანებით გამოჩნდება. სხვა შემთხვევაში, დაავადება იწყება ღებინებითა და დიარეით. ხოლო ძალიან მცირეწლოვან ბავშვებში ინტოქსიკაციის პირველი ნიშნებია: ბავშვი ლეთარგიულია ან, პირიქით, აღელვებულია, ტირის, არ ჭამს, ფეხებს მუცლის მიმართულებით. ნაწლავური ინფექციის გამოვლინებები მოგვიანებით ვითარდება.
ბავშვის გამოჯანმრთელების პროცესი, როგორც წესი, მე-4-7 დღეს იწყება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია დაავადების შებრუნება, ე.წ მეორე ტალღა, რომლის დროსაც ინფექციის ძირითადი გამოვლინებები ხელახლა ჩნდება. მხოლოდ და მხოლოდ როტას ტესტზე უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ საბოლოო აღდგენაზე. მოზრდილებში როტავირუსის ინფექცია გაცილებით მსუბუქია. შემთხვევების 90%-ში სიმპტომები საერთოდ არ არის. შესაძლებელია სისუსტე, მადის დაქვეითება, ცხელება. დიარეა გრძელდება 1-2 დღე, ღებინება შეიძლება საერთოდ არ იყოს ან იყოს ერთჯერადად. ზედა სასუნთქი გზების ანთების სიმპტომები ასევე შეიძლება არ იყოს ან გამოხატული იყოს მსუბუქი ფორმით. მიუხედავად ამისა, ადამიანს შეუძლია სხვების დაინფიცირება, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.
როგორ ვუმკურნალოთ როტავირუსის ინფექციას ?
სხვა ვირუსების მსგავსად, ამ ინფექციის სპეციფიკური თერაპია არ არსებობს. როტავირუსთან საბრძოლველად ინტერფერონის პრეპარატებს იყენებენ, რათა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი სისტემის გაძლიერება მოხდეს.
დიარეისა და ღებინების დროს ბავშვის ორგანიზმი დეჰიდრატირებულია, ამიტომ აუცილებელია სითხის დანაკარგის ანაზღაურება - ეს არის როტავირუსის მკურნალობის ძირითადი ნაწილი. გარდა ამისა, აუცილებელია ბავშვისათვის სითხის მიწოდება თირკმლის ფუნქციის შესანარჩუნებლად და ვირუსთან საბრძოლველად. რეკომენდებულია სითხის მიწოდება ყოველ 10 წუთში. საჭიროა სითხის მიწოდება ჩაის კოვზით, თუ ბავშვი ერთი საათის განმავლობაში არ ღებინებს, თანდათანობით უნდა გავზარდოთ სითხის დოზირება. მაგრამ ეს პროცესი აუცილებლად თანდათან უნდა შესრულდეს. შეგიძლიათ მისცეთ უბრალოდ წყალი ან ხილის, გვირილის ნახარში, ან სულაც გამოიყენოთ სპეციალური ხსნარები წყალ-მჟავას ბალანსის აღსადგენად. თუ სითხის მცირე რაოდენობით მიღებისას, პატარას ღებინება ეწყება, ბავშვი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ საავადმყოფოში, რათა მას გადასხმის სისტემა დაუწყენონ.
როტავირუსის ტოქსიკური ნარჩენებისგან ორგანიზმის გასაწმენდად გამოიყენება სორბენტები, რომლებიც შთანთქავენ ყველა ტოქსინს ნაწლავებიდან - ეს ასევე მკურნალობის სავალდებულო ნაწილია. თუ ბავშვის სხეულის ტემპერატურა 38,4 °C-ზე მაღლა აიწევს, ინიშნება სიცხის დამწევი საშუალებები. ასევე რეკომენდებულია სხეულის დაზელა წყლისა და ალკოჰოლის ხსნარით 1: 1 თანაფარდობით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ასპირინი და სხვა პრეპარატები აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად ინფექციით დაავადებულ ბავშვს - ეს სასიკვდილოა. მუცლის ტკივილი შეიძლება მოიხსნას ან შემცირდეს ანტისპაზმური საშუალებების დახმარებით. ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღსადგენად აუცილებელია ბავშვს დაენიშნოს პრობიოტიკები. როტავირუსული ინფექციის დროს აუცილებელია დიეტის დაცვა, რომელიც ბრინჯის ფაფაზეა დაფუძნებული, ყოველგვარი დანამატების გარეშე (ბოსტნეული ან ხორცი) და კარტოფილის ფაფა. ასევე დასაშვებია, მშრალი ნამცხვრები, ორცხობილები და ბანანი. რაციონიდან გამორიცხეთ რძის პროდუქტები, ცხიმოვანი და შემწვარი საკვები. არ აჭამოთ ბავშვს იძულებით. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს ეძლევათ ულაქტოზო ნარევები.
როტავირუსისგან თავის დასაცავად, უნდა დაიცვან შემდეგი პრევენციული რეკომენდაციები:
· ჭამამდე კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;
· გამოიყენეთ ბუტილირებული ან ადუღებული წყალი დასალევად ან საკვების მოსამზადებლად;
· არ იბანაოთ ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის განკუთვნილი ამისათვის;
· მოერიდეთ კონტაქტს როტავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან;
· დაიცავით ბინაში იდეალური სისუფთავე;
· გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები საერთო ტერიტორიების გასასუფთავებლად;
· არ იკვებოთ ქუჩაში, საეჭვო ობიექტებშიშეძენილი პროდუქციით;
· დაიცავით პირადი ჰიგიენა. აუცილებლად დაიბანეთ ხელები ჭამის წინ, საპირფარეშოს და ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ.
Შენიშვნა!
ნაწლავის აშლილობის პირველი ნიშნებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ჩაიტარეთ სწრაფი ტესტი და დაიწყეთ დროული მკურნალობა!
Comments