სისხლის დონორის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 14 ივნისს აღინიშნება და მისი მიზანია გააძლიეროს მსოფლიოს ცნობიერება უსაფრთხო სისხლის საჭიროების, გადასხმისათვის საჭირო პროდუქციისა და ასევე უსასყიდლო/ნებაყოფლობითი სისხლის გაცემის მნიშვნელობის შესახებ.
ეს დღე ასევე მნიშვნელოვანი მოწოდებაა მთავრობებისა და ჯანდაცვის ეროვნული ორგანოებისათვის, რათა უზრუნველყონ საჭირო რესურსები და დანერგონ სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა გაფართოვდეს ნებაყოფლობითი სისხლის დონაციის პროცესი. უსაფრთხო სისხლი და ტრანსფუზიის სერვისები სამედიცინო დახმარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ყოველივე თითქმის ყოველდღიურად იხსნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს და ასევე აუმჯობესებს მრავალი პაციენტის ცხოვრების ხარისხს. სისხლის მოთხოვნილება უნივერსალურია, მაგრამ მასზე წვდომა ყველას, ვისაც ის ესაჭიროება, სამწუხაროდ არ აქვს. სისხლის ნაკლებობა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა განვითარებად ქვეყნებში.უსაფრთხო სისხლზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება, ყველა ქვეყანას უნდა ჰყავდეს დონორები, რომლებსაც სურთ სისხლი ნებაყოფლობით და რეგულარულად გაიღონ. COVID-19 პანდემიის განმავლობაში, შეზღუდული მობილურობისა და სხვა გამოწვევების მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში სისხლის დონორებმა განაგრძეს სისხლისა და პლაზმის დონაცია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ტრანსფუზია.
ეს არაჩვეულებრივი ძალისხმევა უპრეცედენტო კრიზისის დროს მხოლოდ ადასტურებს კარგად მართული აქტიური ნებაყოფლობითი და არაანაზღაურებადი სისხლის დონაციის მნიშვნელოვან როლს სისხლის უსაფრთხო, ადეკვატური მიწოდების უზრუნველსაყოფად როგორც ნორმალურ, ისე გადაუდებელ დროს.
წლევანდელი კამპანიის თემა
2022 წელს სისხლის დონორის მსოფლიო დღე იმართება ლოზუნგით „სისხლის დონაცია სოლიდარობის აქტია. გახდი დონორი და გადაარჩინე სიცოცხლე“, რომლის მიზანია ყურადღების მიპყრობა ნებაყოფლობითი სისხლის დონაციის მნიშვნელობაზე სიცოცხლის გადარჩენისა და საზოგადოებაში სოლიდარობის განმტკიცების საქმეში.
წლევანდელი კამპანიის კონკრეტული მიზნებია:
მადლიერების გამოხატვა სისხლის დონორთა მიმართ მთელს მსოფლიოში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სისხლის რეგულარულად და ანაზღაურების გარეშე დონაციის აუცილებლობის შესახებ;
შეახსენონ დონორებს სისხლის რეგულარულად დონაციის აუცილებლობის შესახებ მთელი წლის განმავლობაში, რადგან ეს უზრუნველყოფს სისხლის საკმარის მარაგს და უზრუნველყოფს სისხლის დროულ და უსაფრთხო გადასხმას ყველგან;
აღიარონ და ხელი შეუწყონ სისხლის ნებაყოფლობით დონაციის მნიშვნელობას სოციალური სოლიდარობისა და სოციალური ერთიანობის გასაძლიერებლად;
ცნობიერების ამაღლება მეტი საჯარო რესურსების დახარჯვის აუცილებლობის შესახებ სტაბილური და საიმედო ეროვნული სისხლის სისტემის შესაქმნელად და შემოწირული და ნებაყოფლობითი შემოწირულობების მოცულობის გაზრდაზე.
თქვენი მონაწილეობა და მხარდაჭერა ხელს შეუწყობს 2022 წლის სისხლის დონორთა დღეს და დაეხმარება მსოფლიოს ცნობიერების ამაღლებასა და იმის გათვალისწინებაში, რომ სისხლის დონაცია სოლიდარობის სასიცოცხლო მნიშვნელობის აქტია და რომ უსაფრთხო სისხლი და სისხლის პროდუქტები ყველა სისტემის არსებითი ელემენტია. სისხლის დონორის მსოფლიო დღის 2022 წლის გლობალური წარმატების უზრუნველსაყოფად, მისასალმებელია დაინტერესებული პარტნიორების მონაწილეობა ყველა დონეზე.
2022 წელს მექსიკა უმასპინძლებს სისხლის დონორის საერთაშორისო დღეს საკუთარი ეროვნული სისხლის ცენტრის მეშვეობით. გლობალური ღონისძიება მეხიკოში 2022 წლის 14 ივნისს იმართება.
" გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე!"
Kommentarer